სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული ე.ჰ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ე.ჰ.-ს ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება).
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, ე.ჰ-მ ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ.დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას ა.დ-ს განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე.
ე.ჰ-ს ქმედებით მ.დ-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა.დ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ასევე დადგინდა, რომ ე.ჰ-მ 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქობულეთში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ე.ჰ. 2018 წლის 6 იანვარს ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ჰ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად რვა თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც ოთხ თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ოთხი თვე ჩაეთვალა პირობითად ორი წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.