სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ძალაში დატოვა
სასამართლომ 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ძალაში დატოვა.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვისას მოსამართლეებმა აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადახედვაზეც იმსჯელეს.
მათი ადვოკატი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას, რადგან ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თუმცა მოსამართლეთა კოლეგიის განცხადებით, არ არსებობს რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც მოსამართლეს მისცემდა საფუძველს, აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეცვლაზე ემსჯელა.
ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმეზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ყოფილი მოადგილეები და ასევე პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიის „სეზანის“ თანამშრომელი.
იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრების ყოფილ მოადგილეს, შემოსავლების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ჯამბულ ებანოიძეს სასამართლო სხდომაზე ჰკითხეს, როდის და ვისი დავალებით გაფორმდა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ 20-მდე კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმება.
„ეს არის ის კომპანიები, რომელიც პატარკაციშვილთან იყო დაკავშირებული, რომელთაც საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდათ. როგორც ვიცი, მიმდინარეობდა საერთაშორისო დავა პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის და მოხდა მორიგება, რომ ამ ყველა კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულიყო. ეს მითითება მივიღე იუსტიციის მაშინდელი მინისტრისგან, რადგან ეს უწყება იყო საერთაშორისო დავაში ჩართული. პირადად შევხვდი მინისტრს და შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანიც, რომელიც ასევე იყო საერთაშორისო დავის საქმის შესწავლაში ჩართული. ეს იყო 2011 წელი, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე საგადასახადო შეთანხმება გაფორმდებოდა“, – განაცხადა ჯამბულ ებანოიძემ.
ასევე კითხვები დაისვა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე თამარ ჭელიძესთან ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობდა ამ კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მას იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განუცხადა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა და უნდა მომხდარიყო დათმობა.
ბრალდების მხარე მოწმეების ამ ჩვენებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საგადასახადო შეთანხმებების გაფორმება პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანიებთან სწორედ მას შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ, რაც დარწმუნდა, საერთაშორისო ასპარეზზე დავას წააგებდა და ბიზნესმენისთვის ჩამორთმეული ქონებები უნდა დაებრუნებინა.
ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ბექა ბასილაიას კი, შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ჩვენებას არ ენდობა და აცხადებს, რომ ადეიშვილის მხრიდან მსგავსი ბრძანება გაცემული არ ყოფილა.