სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა
სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან თაღლითობაში მონაწილეობაზე.

„მამუკა ხაზარაძის ქმედება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მამუკა ხაზარაძე ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება – საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა, გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება – საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა, გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ბადრი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ბადრი ჯაფარიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (თანამონაწილეობა ჯგუფურად ჩადენილ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ფულის გათეთრებაში, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თანამონაწილეობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თანამონაწილეობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ავთანდილ წერეთლის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული გირაო. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა. კერძოდ, ყადაღა მოეხსნას მამუკა ხაზარაძის სახელზე, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე HSBC ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ მილიონ-ნახევარ ფუნტ სტერლინგს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა. კერძოდ, ყადაღა მოეხსნას „თიბისი ბაკში“, „ლიბერთი ბანკში“, „ტერაბანკსა“ და „ქართუ ბანკში“ მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხებიდან 11 მილიონ 323 188 აშშ დოლარის ეკვივალენტს. ასევე, „თიბისი ბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ტერა ბანკში“ ბადრი ჯაფარიძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი თანხებიდან 5 მილიონ 340 812 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

საქმეზე არსებულ ნივთმტკიცებებს რაც შეეხება, ელექტრონული დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა მოსამართლემ.