სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობა შეუფარდა
23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეების ჩვენებებით და ვიდეომტკიცებულებებით, საიდანაც ჩანს, როგორ აზიანებენ დაკავებულები აღსრულების ბიუროს ავტომანქანას.
რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლოში განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.
პროკურორის განმარტებით, დანაშაული მძიმე კატეგორიის არის და 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.