სასამართლომ გორში სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს დაკავებული სამი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა
გორის რაიონულ სასამართლოში მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირისთვის ჯარიმის შეფარდებაზე მსჯელობდა. მოსამართლემ სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა, პროცესი კი ხვალისთვის გადაიდო.
დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დაცვის მხარის განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებულების ბრალის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
“სასამართლოზე დაკითხულმა სამართალდამცავმა ვერ შეძლო ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა. არ არსებობს ვიდეო, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქოს წინააღმდეგობას უწევს პოლიციას. დაკავების შემდეგ, ეს სამი პირი პოლიციის განყოფილებაში ამბის გასაგებად მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა მათი დაკავება. მოვითხოვე გარე კამერების ჩანაწერები. ადმინისტრაციული დარღვევა, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია დაკავებული, 250 ლარი და ზემოთ ჯარიმას ითვალისწინებს. ის უდანაშაულოა და ჩვენ პრინციპულად ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აცხადებს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ელზა პავლიაშვილი.
გორში,სადგურის დასახლებაში მომხდარი შელაპარაკება ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. დამტვრეულია პოლიციის ავტომანქანების მინები. სამართალდამცავებმა ჩხუბის დროს სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით და ექვსი პირი სისხლის სამართლის წესით, 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.