სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 108-ე მუხლით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ჯიხურში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ი.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ა.ბ.-ს ხელებით და ფეხებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი იგი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი.ბ.-მ კვალის დამალვის მიზნით გვამს ტანსაცმელი დააყარა, გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 15 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.