სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა და გაუქმებული ოთხი ბიულეტენი არ აღადგინა
სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა და გაუქმებული ოთხი ბიულეტენი არ აღადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შეტანილი საჩივარი მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა არ დააკმაყოფილა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კრწანისის 22-ე უბანზე გაბათილებული ბიულეტენების აღდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ბიულეტენებში შემოხაზული იყო ნომერი ხუთი, დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატების ნომრები კი გადახაზული იყო, რის გამოც, ცესკო-ს წარმომადგენლებმა ოთხი ბიულეტენი ბათილად ცნეს.

როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა განაცხადა, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„საჩივარი იყო სრულიად დასაბუთებული. ბიულეტენებში ნათლად იყო შემოხაზული ხუთი ნომერი – გიორგი ვაშაძე და სხვა არც ერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული, პირიქით, სხვა კანდიდატები იყო გადახაზული. მაგრამ, როგორც საოლქო კომისიამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხმათა უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს საკითხი არ გაითვალისწინა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ჯუნა ირიაული აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე საჩივარი მათაც განიხილეს და გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მიიღეს.

„მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, რადგან ის მტკიცებულებები, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ წარადგინა დღეს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ასევე მხარეთა პოზიციების მოსმენისა და შეჯერების საფუძველზე, არ ყოფილა მოულოდნელი. დღევანდელი გადაწყვეტილება მიღებულ კანონმდებლობის თანახმად არის მიღებული“, – განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა.