სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დააყენა.
მისი განცხადებით, წინა სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების განხილვისას დაცვის მხარის შუამდგომლობაზე მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა დაწერილი.
ჩოფიკაშვილის განმარტებით, მოსამართლეს დაცვის მხარის არგუმენტებზე სათანადოდ არ უმსჯელია, რაც მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულ შუამდგომლობას ეთანხმებოდნენ სხვა ბრალდებულის ადვოკატებიც.
ბრალდების მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარემ დასაბუთების გარეშე დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა.
საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გრძელდება. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.