მედიის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივის შუამდგომლობა და უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილეს პატიმრობა შეუფარდა
უკრაინაში სათემო განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი დააკავეს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო.
მაღალჩინოსნის პატიმრობის ვადა 2023 წლის 24 მარტამდეა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გზით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივის შუამდგომლობა.
მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკის 100 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობა აქვს.
უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილემ ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო. როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.