სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს პარლამენტის წინააღმდეგ რელიგიური უმცირესობების ორი სარჩელი დააკმაყოფილა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, დავის საგანი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს და უქმნის მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ „სამლოცველო ნაგებობების მშენებლობისა და იქ მსახურებისთვის სათანადო პირობების შექმნა ასევე წარმოადგენს მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციების მიზანსა და ორდინალური საქმიანობის ნაწილს. შესაბამისად, ნებისმიერი მათგანი თანაბრად არის დაინტერესებული, ისარგებლოს სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეღავათით. განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გააჩნია მყარი, გარდაუვალი კავშირი ეკლესიის ისტორიულ ღვაწლთან და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებაა. შესაბამისად, სახელმწიფო კეთილმოსურნედ მოეპყრო მხოლოდ მართმადიდებელ ეკლესიას და ვერ უზრუნველყო ნეიტრალურობა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ“.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

სადაო ნორმის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლო, საკუთრებაში მიეღო ქონება უსასყიდლოდ, თუკი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა იგივე ნორმა არ ვრცელდებოდა ასევე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე. მოსარჩელის არგუმენტებით ნორმა შეიცავდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა კონფესიებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია.

სარჩელის ავტორები არიან სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია”.

დატოვე კომენტარი