სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედას - 3 წლით, ბიძას კი 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია შოშიაშვილმა 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო.
ნატიკ მაგამაროვი და ეგანა მაგამაროვა საქმის ორივე ნაწილში იქნენ ცნობილი დამნაშავედ. ნატიკ მაგამაროვს – 3 წლითა და 6 თვით, ეგანა მაგამაროვას კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა აითაჯ შახმაროვას დედამ. მან განაცხადა, რომ არის უდანაშაულო და, პირიქით, საქმეში დაზარალებულია.
2023 წლის 11 ოქტომბერს, პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს თვეების განმავლობაში არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლოდან იყო.