„სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებაზე“ დადგენილების პროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული დადგენილების პროექტი პოლიტიკური ხასიათის იყო და მას საერთო არაფერი ჰქონდა სამართლებრივ საკითხებთან.
მისივე განმარტებით, აშკარაა, რომ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.
„ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე სახის იურიდიული, მყარი არგუმენტაცია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არ არიან შეერთებულნი ამ პროექტს. ამ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ბევრი წარმომადგენელი მხარს არ უჭერს. წინაააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კომიტეტზე იქნებოდნენ წარმოდგენილი. სამი წარმომადგენელი არ ნიშნავს არასამთავრობო ირგანიზაციების სახელით საუბარს. შეთანხმებული პოზიცია რომ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა წარმომადგენელთან, ყველ სახის იურიდიულ წრეში, იქნებოდნენ წარმოდგენილი და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდნენ. ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა, ვისაც კი სურვილი ჰქონდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დასწრებოდა. ამიტომ, ყველა საღი და გონიერი აზრის მქონე იურისტი ასეთ პროექტს, რომელიც არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის და არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ საკითხთან, ამ საკითხებს რეალურად ობიექტურად ვერ შეაფასებს. აქედან გამკმდინარე, ძალიან მარტივია, რომ როდესაც მომხსენებელი ვერ წარმოადგენს ობიექტურ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც ობიექტურ მოცემულობას და ობიექტურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება, ლოგიკურია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარდაჭერა ვერ ექნებოდა“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, მომხსენებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდი ვერ ბედავს, სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას სახელი დაარქვას.
დადგენილების პროექტის თანახმად: „აღიარებულ იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით; შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კომისიამ 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით; 2020 წლის 20 აპრილამდე პარლამენტმა საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების მიზნით მიიღოს“.
პროექტის ავტორები დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფია.