სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს დღეს პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან
სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს დღეს პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან. საკანონმდებლო ორგანო მართლმსაჯულების რეფორმას დაჩქარებული წესით განიხილავს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია პროცესის ნაცვლად, კენჭისყრის წესი სრულად ღია იქნება. ასევე პარლამენტისთვის გადასაცემ სიაში მოსახვედრად, კანდიდატმა საჭირო ქულები უნდა დააგროვოს. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.
„ჩვენ მიერ დაინიცირებული პროექტის მთავარი სულისკვეთება მდგომარეობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. 2020 წლის ოქტომბრის თვეში ვენეციის კომისიამ გასცა საბოლოო რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაზუსტებას. ამიტომ ჩვენ ამ რეკომენდაციებს სრულად ვიზიარებთ. დაინიცირებული პროექტი, რომელიც უკვე მეორე მოსმენით გავა პლენარულ სხდომაზე და დღესვე კენჭი ეყრება მესამე მოსმენის ფარგლებში, დამტკიცდება პარლამენტის მიერ.
ოთხი ძირითადი საკითხია შემოთავაზებული – პირველი ეს არის ნაცვლად ნახევრად ღია კენჭისყრისა იქნება სრულად ღია კენჭისყრა. მეორე საკითხი უკავშირდება ე.წ. სარეიტინგო სიის შედგენას და მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატები გადავლენ შემდგომ ეტაპზე. საბოლოოდ მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატები წარედგინებიან საქართველოს პარლამენტს. მესამე საკითხი უკავშირდება კენჭისყრის ეტაპზე დასაბუთებას. საბჭოს წევრმა კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა უნდა დაასაბუთოს და თუ მხარს არ უჭერს, ამის დასაბუთებაც მოუწევს. მეოთხე საკითხი უკავშირდება ერთხელ უკვე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანდიდატის მიერ კიდევ ერთხელ გასაჩივრებას.
ოთხი ძირითადი საკითხია, ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას. რაც მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყურადღებით ვეცნობით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს. ყურადღებით ვეცნობით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ მათ მოწოდებებს, რომ ეს ე.წ. ბოლო აგური დავდოთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესის დახვეწაში. აქედან გამომდინარე, მივიღებთ ჩვენ ამ კანონს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.