სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით, – ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს
ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლისა და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან – ნათია ქუთათელაძესა და ანა ღელეყვასთან და ბესარიონ ალავიძის საჯარო განცხადებები.
არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია, ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია, თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.
ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, შეკითხვები ეხება: სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევებს; საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირებას; კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს სასამართლო სისტემაში; მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვან გარიგებებსა და ზეწოლას.
ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს მედიაში გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი გარემოებები: 2015 წელს, სამოსამართლო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების სავარაუდოდ წინასწარი გავრცელება; ყოფილი მოსამართლეების – ლალი ლაზარაშვილის, თამაზ ჯალიაშვილის, ნუნუ ნემსიწვერიძის, ნათია ქუთათელაძის, ანა ღელეყვას, ბესარიონ ალავიძის განცხადებები მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევების თაობაზე; სტუდია მონიტორის სიუჟეტი მოსამართლეთა მიერ ქონებისა და შემოსავლების სავარაუდო გადამალვის თაობაზე; აღძრული და „თაროზე შემოდებული“ საქმეების მეშვეობით მოსამართლეების დაშანტაჟება; სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადება ხელისუფლების მხრიდან ბესარიონ ალავიძის საქმიანობაში უკანონო ჩარევის თაობაზე.
საჯაროდ, მათ შორის, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, წლების განმავლობაში, სამართალდამცავი სისტემის უმოქმედობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში დასმულ კითხვებზე სიმართლის დადგენის ეფექტიან მექანიზმად პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა გვესახება, რომლის შექმნისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა საპარლამენტო ოპოზიციას გააჩნია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა. შესაბამისად, მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას: შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით“, – ნათქვამია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); უფლებები საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.