სასამართლო სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
სასამართლო სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ნარიმანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

გარდა ამისა, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ის გიორგი ნარიმანიძის ადვოკატის აცილებას ითხოვს, რადგან იგივე ადვოკატი მამა-შვილ წოწორიებსაც იცავს. პროკურორის განმარტებით, კანონს ეწინაამღდეგება და ინტერესთა დარღვევაა, როცა ადვოკატი კონსულტაციას უწევდა ან უწევს პირს, რომლის ინტერესები ეწინაამღდეგება მის შემდგომ დასაცავ პირს.

„დღეს, დიდი ალბათობით, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს და გაიმართება აღკვეთი ღონისძიების სხდომა. რაც შეეხება აცილებას, ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივად დასაბუთებული, ვინაიდან წოწორიას ჩვენება ნარიმანიძის ჩვენებას ეწინაამღდეგება და ჩვენ ამას დეტალურად დავასაბუთებთ“, – განაცხადა პროოკურორმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის სახით გუშინ გიორგი ნარიმანიძე დააკავა. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.