სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური წერილით მიმართავს
სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური წერილით მიმართავს

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. სასამართლომ პენიტენციური სამსახურიდან ამასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი მიიღო. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი შეუძლოდ იმყოფება და მას გადაადგილება უჭირს.

ადვოკატებმა სასამართლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, სამედიცინო კონსილიუმის წევრები მსჯავრდებულის მდგომარეობის მხოლოდ დიაგნოსტირებას ახდენენ და არა მკურნალობას, ამიტომ საჭიროა მისთვის დაუყონებლივ მკურნალობის დანიშვნა.

„სახალხო დამცველის შესვლის შემდეგ რაც გაირკვა, მკურნალობა მიმდინარეობს არასწორად. მას ეძლევა მხოლოდ ზედაპირული პრეპარატები, დამამშვიდებლები და საძილე აბები. სიმპტომების მკურნალობა არ მიმდინარეობს. სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით გვაქვს უფლება, მოთხოვნა დავაყენოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გასცეს კონკრეტული მითითებები აუცილებელ ზომებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დღევანდელ პროცესზე ნიკა გვარამიამ.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა კი აღნიშნა, რომ ოფიციალური წერილის სახით დღეს მიმართავენ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ სასამართლოს დაუყოვნებლივ დამატებით ეცნობოს სააკაშვილის ჯანრთელობასა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე მოითხოვენ მითითებას, რომ განჩინებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ შუამდგომლობაზე მსჯელობისას სასამართლოს დოკუმენტური სახით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

„განჩინების ფარგლები ჩვენ 23 თებერვლის სხდომაზე გვაქვს მიღებული, დამატებით წერილის სახით მივმართავთ ახლა პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვთ მითითებას, რომ იმ განჩინებიდან გამომდინარე, იმ ფარგლებში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება, რაც გვაქვს. პროცედურულად ასევე მოვითხოვთ, რომ განიმარტოს, აუცილებლად იქნას წარმოდგენილი დოკუმენტი შემდგომ სასამართლო სხდომაზე, რომ თუ კონკრეტული პირი არ გამოცხადდება და ვერ გამოცხადდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის შეძლებს გამოცხადებას შემდგომ სასამართლო სხედომაზე, ჩვენ უფლებამოსილი ვიყოთ.

მოგეხსენებათ, შუამდგომლობაზე მსჯელობისას, გარკვეული საფუძვლები უნდა გვქონდეს, დოკუმენტური სახით ჯანმრთელობის მდგომარეობის ასახვის შესახებ ინფორმაცია. უბრალოდ, ჩვენ ვერ დავიწყებთ კონკრეტული პირების ასე გამოკითხვას. დღესვე, ოფიციალური წერილის სახით მოვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ გათვალისწინებული იქნას ყოველივე და დამატებით გვეცნობოს დაუყოვნებლივ მის ჯანრთელობასთან, გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებოდნენ ექიმები, მათ შორის ოთარ თოიძე.

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისს, სამ საათზე ჩაინიშნა.