სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
„12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, სასამართლოსთან დაკავშირებით განსაზღვრული საკითხების მომზადების მიზნით, იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის მიზნად განისაზღვრა სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.
სამუშაო ჯგუფი შედგებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, ასევე პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.
ამ სამუშაო ჯგუფმა თავისი საქმიანობა წარმართა ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, სამი თვის განმავლობაში გავმართეთ არაერთი ხანგრძლივი შეხვედრა. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ჯგუფის ფარგლებში დასმულ თითოეულ წინადადებასა და შემოთავაზებაზე, შედეგად, მომზადდა და პირველ ოქტომბერს გასაჯაროვდა სასამართლოს რეფორმის სტრატეგია.
დღეს კი, წარმოგიდგენთ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
1. დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი!
2. უმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი; კერძოდ, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახელებულ მოსამართლეებს დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე მაღალი სტანდარტით, როგორც ეს გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით.
3. დგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ, თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს საბჭოს შესაბამისი წევრის მიკერძოებას.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება.
5. დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება; კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს თითოეულ ასეთ კანდიდატს.
6. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები იხვეწება და უმჯობესდება შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანის შესრულებას და ემსახურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
კანონპროექტი დღესვე წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ინიცირებისთვის, ხოლო დაინიცირებული ცვლილებები დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.