სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სავარაუდოდ დღეს წარედგინება
სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სავარაუდოდ დღეს წარედგინება

სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროზე სავარაუდოდ დღეს მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭოში ყველა ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად წარმომადგენლობის მიზნით, პროექტით განისაზღვრება, რომ საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული საბჭოს რვა წევრიდან თითო წევრი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული ინსტანციის სასამართლოდან.

ამის გარდა, პროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე სუბიექტი და საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის წესი დგინდება. კერძოდ, პროექტით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილი იქნება, ხმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნება არჩეული, არჩევის ხელახალი პროცედურა კენჭისყრიდან არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში გაიმართება.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ დასაბუთება გამოაქვეყნოს.

მოქმედი კანონით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ დასაბუთება არ ქვეყნდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეს დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვილ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. პროექტით, დასაბუთებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ადგენს.

ამასთან, ცვლილებებით, სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ძირეულად იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი.

დღეს მოქმედი კანონით, დამოუკიდებელი საბჭო ექვსი წევრისგან შედგება და ნათი რაოდენობა შვიდამდე იზრდება. ასევე საბჭოს სამ წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, ოთხი წლის ვადით აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია.

რაც შეეხება სხვა წევრებს, ცვლილებებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორ წევრს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით აირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს წევრად, დანარჩენ ორ წევრს, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები არიან, ოთხი წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ სამი წევრის წარდგინებით, აირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფუნქციები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჩაატარებს ამას გარდა, პროექტით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად არ ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვას – საერთო სასამართლოებში მოსამართლეების თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებით. არამედ, ვინაიდან მართლმსაჯულების რეფორმის IV ტალღის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების მიერ არაერთხელ იქნა დაყენებული საკითხი იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის მსმენელთა მიღების ფუნქციის მინიჭების შესახებ, კანონპროექტის ავტორმა გაიზიარა შესაბამისი წინადადება კონსენსუსის მიღწევის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შვიდი წევრისგან ოთხ წევრს, ანუ უმრავლესობას თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს. აღნიშნული მოცემულობა უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს”, – ნათქვამია პროექტში.

საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას სახელმწიფო სტიპენდიას იღებს, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

პროექტით კონკრეტდება, რომ სტიპენდიის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები.

ამასთან, ინიციატივაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის პროფესიული მომზადების, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა იზრდება.

კერძოდ, თუ ამჟამად სწავლების ხანგრძლივობა 10 თვეს შეადგენს, პროექტით, აღნიშნული პერიოდი 16 თვემდე ხანგრძლივდება.

სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის ცნება ახლებურად განიმარტება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დისციპლინური გადაცდომა არის მოსამართლის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება.

ცვლილებებით, განისაზღვრება, რომ განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა საკუთარი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, ხოლო გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა თავისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც მისი გათვალისწინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის ანუ მხოლოდ მაშინ, თუ მას ობიექტურად შეეძლო და არ განუხორციელებია სათანადო ქმედება დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად.

ცვლილებებით, დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად კი შეიცავს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ უფრო განჭვრეტადად გაიწერა მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეები. კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეები შვიდ კატეგორიად დაიყო – ქმედებად, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს წესიერების პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს თანასწორობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს; ასევე სხვა ქმედებად, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს.

პროექტში აღნიშნულია, რომ დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობები თითოეული კატეგორიის მიხედვით ჩამოყალიბდა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამჟამად მოქმედი ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა სამ წლამდე მცირდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ყოველგვარი სუბიექტურობის გამორიცხვისა და მოსამართლის დაცულობის მაღალის სტანდარტის შემოღების მიზნით, პროექტით მკვიდრდება როგორც დასაბუთებული ვარაუდის, ასევე, ალბათობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი სტანდარტი. აღნიშნული განიმარტება, როგორც ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.

„ცალსახად განისაზღვრება, რომ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ აღნიშნული ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, მოქმედ მოსამართლეებს ვალდებულება დაეკისრებათ, იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას სამ წელიწადში ხუთი დღე მაინც დაუთმონ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოსამართლის საჭიროებებზე.

„იუსტიციის უმაღლეს სკოლას უფლება ენიჭება, გასცეს სასწავლო გრანტი მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო“, – აღნიშნულია პროექტში.