სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხია მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლები და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით ცვლილებები.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ამ ცვლილებების შესახებ მომზადებულ პროექტს, რომელიც წინა შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით ჩამოყალიბდა.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ წარმოებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტის შესახებ საინტერესო დისკუსიები გვქონდა და დღეს იმედი გვაქვს, ამ თემაზე მსჯელობას დავასრულებთ.
ჩვენ გვაქვს განსახილველი კიდევ სხვა თემები. უკვე დაგიგზავნეთ კანონპროექტი, რომელიც გადამუშავდა წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად. ამ კანონპროექტში არის ასახული პოზიციები, რომლებიც მეტნაკლებად შეჯერდა წინა შეხვედრაზე, ანუ სადაც იყო მეტნაკლებად პოზიციები შეჯერებული ის ავსახეთ კანონპროექტში.
ასევე აქ არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც ეხება პროცესს და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს. არის სხვა რეკომენდაციებიც, რომელთა განხილვაც ჩვენ დღეს დაგვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას ესწრებიან მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.