სასამართლო ქედაში აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებული თურქეთის მოქალაქეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
„დაკავებულებს ბრალი ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევაში, ვინაიდან ისინი არიან თურქეთის მოქალაქეები, არსებობს მიმალვის საფრთხე“, – აცხადებს პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე.
დაცვის მხარის განმარტებით კი, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
„ისინი იყვნენ უბრალო შემსრულებლები. მათ ვესაუბრე, აღიარებენ, რომ ე.წ. დინამიტები დაამონტაჟეს, თუმცა იქ, სადაც მიუთითეს. პროცესზე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებ“, – ამბობს ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი.
შემთხვევა სოფელ დოლოგანში 31 ოქტომბერს მოხდა. კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვს ქვის ნატეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ კომპანიას, რომელიც კარიერზე სამუშაოს აწარმოებდა, აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.