სასამართლო პროცესიდან გაძევების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს
სასამართლო პროცესიდან გაძევების მიუხედავად, მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს უფლება მისცა დასკვნითი სიტყვით ისარგებლოს.
სასამართლო სხდომაზე ცოტა ხნის წინ ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომაზე გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს მიეცეს უფლება დასკვნითი სიტყვით ისარგებლოს.
„გთხოვთ, დააბრუნოთ მამუკა ხაზარაძე სხდომაზე, რომ ისარგებლოს დასკვნითი სიტყვით, შესვენება გამოვაცხადოთ მანამდე, ყველამ ვიცით, რომ ემოციური ფონი მაღალია ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – მიმართა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მოსამართლეს.
თავის მხრივ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ხაზარაძეს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება მიეცემოდა.
„თქვენ იცით, რომ გაძევებულია ბატონო მამუკა. მივცემ უფლებას, გამოვიდეს სხდომის დარბაზში და ისარგებლოს საბოლოო სიტყვით. მანამდე გამოვაცხადებ შესვენებას“, – განაცხადა მოსამართლემ.
სასამართლო პროცესზე უკვე ისარგებლეს რეპლიკის უფლებით საქმის პროკურორებმა და ადვოკატებმა. შესვენების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით ბრალდებულები გამოვლენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.