სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მამუკა ჯანგულაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დანიშვნამდე იყო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ხოლო მანამდე იკავებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

მამუკა ჯანგულაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა ჯანგულაშვილმა ლერი ბარნაბიშვილი შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.