სასამართლო ექსპერტები ბერეზოვსკის პარტნიორის, ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ადგილს იკვლევენ
სასამართლო ექსპერტები ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კლარენს ავენიუზე რუსი მილიარდერის ბორის ბერეზოვსკის პარტნიორის, ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ადგილს იკვლევენ.
გლუშკოვი, რომელიც ბერეზოვსკის „ლოგოვაზის“ კომპანიაში მუშაობდა, ორშაბათს გვიან საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის განცხადებით, ისინი არ მიიჩნევენ, რომ გლუშკოვის გარდაცვალება რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლასთან რაიმე კავშირში იყოს.
„აეროფლოტის“ დირექტორის ყოფილი მოადგილის, გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ მისმა ადვოკატმა დაღუპულის ნათესავებისგან შეიტყო, რომლებმაც გლუშკოვის ცხედარი ლონდონის სახლში 12 მარტს აღმოაჩინეს. გლუშკოვის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ის 68 წლის იყო.
1989 წლიდან ნიკოლაი გლუშკოვი „ლოგოვაზის“ მმართველ სტრუქტურებში მუშაობდა, რომლებიც ბორის ბერეზოვსკიმ შექმნა. 1996 წელს კი ის „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე გახდა, ორჯერ იყო გასამართლებული „აეროფლოტიდან“ თანხების მითვისების ბრალდებით, ის დანაშაულს არ აღიარებდა.
2005 წელს გლუშკოვმა რუსეთი დატოვა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. 2017 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ „აეროფლოტიდან“ 123 მილიონი დოლარის მითვისებაში და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2000 წელს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების შემდეგ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.