სასამართლო არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს [ფოტო]
სასამართლო არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში დაკავებული ცოლ-ქმრის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სხდომა დახურა, რადგან მასზე არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბავშვების დედამ განაცხადა, ბავშვებზე არავის უძალადია და მათი საქმიანობის შესახებ თავადაც იყო ინფორმირებული.

„ეს ბავშვები ჩემი შვილები არიან, ავად ვარ და ისინი გასაზრდელად მამიდას და ბიძას მივეცი. ქირით ვცხოვრობ, მყავს კიდევ ორი შვილი. მამიდაჩემს რომ მივეცი ბავშვები, ვუთხარი, თუ გინდა იმათხოვრეთ, ფული შეაგროვეთ-თქო. თავისთვის დადიოდნენ, ფულს შოულობდნენ, ჭამდნენ. მეც ვმათხოვრობ. არ ყოფილა ძალადობა. ვიცოდი, რომ მათხოვრობდნენ, სკოლისთვის ფულს აგროვებდნენ, ხატებს ყიდდნენ. ძალადობა არ იყო ჩემს შვილებზე. ისინი ამას საკუთარი ნებით აკეთებდნენ“, – განაცხადა მ. ლ.-მ.

ადვოკატი მაია უსტარიშვილი აცხადებს, რომ დაკავებულები კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არც ცნობენ. „ტრეფიკინგთან საქმე არ გვაქვს, არც ძალადობასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დღეს დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა“, – აცხადებენ შსს-ში.