სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
„როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ოთხი პირის მიმართაც ბრალდება ანალოგიურია – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ძალადობრივი და ძალადობის მუქარით, ასევე დევნა ძალადობით და ძალადობის მუქარით. დღევანდელ შემთხვევაშიც პროკურატურა ითხოვს პატიმრობის გამოყენებას.
დღეს ოთხი ბრალდებულის საქმეზე დაზარალებული მხარე არის „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მტკიცებულებებს რაც შეეხება, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის სტატუსი 29 ჟურნალისტს აქვს მინიჭებული. ასევე გამოსაკითხია ჟურნალისტთა გარკვეული რაოდენობა. ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.