სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ზ. ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების, ხოლო ზ. მ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
აღნიშნულის შემდგომ ზ.ს.-მ შურისძიების მოტივით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანაში მყოფი შ.ქ.-ს, თ.გ.-ს და ზ. მ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებებით შ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თ.გ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ზ.ს. და ზ.მ. 4 მარტს დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება), ხოლო ზ.მ.-ს 19 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.