სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 170 128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო და 399,7 გრამი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.