„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო გადაადგილება შეიზღუდა
„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც დაკეტილია სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება.
თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, – აცხადებენ შსს-ში.
ფოტო: აჭარის ტელევიზია