მოქალაქეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ
მოქალაქეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, მოითხოვენ, გაუქმდეს ის რეგულაციები, რომლებიც 1 იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.

აქციის მოონაწილეები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, აწარმოოს მოლაპარაკებები თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს.

„ათასობით ადამიანი დავდივართ სამუშაოდ თურქეთში. ამ რეგულაციების შემდეგ, ფაქტობრივად, უმუშევრები ვრჩებით. ამიტომ, საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, მოლაპარაკებები დაიწყოს თურქულ მხარესთან, რათა ჩვენ ისევ შევძლოთ მუშაობა. ამდენ უმუშევარ ადამიანს საქართველო ვერ დაასაქმებს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან, რომელშიც ჩართულია ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზურაბ პატარაძე შეეცდება დღესვე აწარმოოს მოლაპარაკებები ართვინის გუბერნატორთან.

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.