სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
კვლევის მიხედვით, პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითიც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:
მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.
„ეს, თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორებიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია“, – აღნიშნულია კვლევაში.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.
„როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს:
ეკონომიკური მმართველობის მაღალი ხარისხს; სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.
სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა ეს რისკები წლიდან წლამდე მცირდება, რაც იყო რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა.
მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch ელოდება რეიტინგის გაუმჯობესებას, რითიც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე“, – აღნიშნულია კვლევაში.