სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
„დღეს დავიწყეთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, განახლდება სავალი გზა, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის გადაკეტვა, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღესვე, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.
„მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით შეზღუდულად გადაადგილება ასევე შესაძლებელი იქნება გორგასლის მოედნიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.