სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს აკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოები, რომლის ღირებულება შვიდი მილიონი ლარია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ხუთ ჰექტარს შეადგენს, ტრამვაის ხაზი გადიოდა. დღეს ეს ადგილი სრულად გასაახლებელია. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ასევე, გაკეთდება სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.