2017 წელი მოფლიო რაგბიში ძალზედ საინტერესო გამოდგა. ახალმა ზელანდიამ კიდევ ერთხელ მოიგო რაგბი ჩემფიონშიფი, ექვსი ერის გამარჯვებული კი ედი ჯონსის გაწვრთნილი ინგლისი გახდა.
2017 წელზე საუბრისას ვერ ავცდებით ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ტურს, რომლებმაც მართალია სამი ტესტის ჯამში ახალი ზელანდია ვერ დაამარცხეს (ერთი მოგება, ერთი მარცხი, ერთი ფრე), თუმცა მსოფლიოს ჩემპიონთან საყაიმო ანგარიშიც კმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს.
ახლა კი საინტერესო სტატისტიკაზე გადავიდეთ:
ისტორიაში ყველაზე გრძელი ულელოო სანაკრებო კარიერა ახალ ზელანდიელ ბურჯ ოუენ ფრენკსს აქვს. მან 95 ტესტ მატჩში ვერც ერთი ლელოს დადება ვერ მოახერხა.
0 გამარჯვება და შვიდი მარცხი – ეს სამოელთა 2017 წლის მონაგარია. 2017 წელი კუნძულელთათვის ისტორიაში ყველაზე ცუდი გამოდგა.
2017 წელს ინგლისმა ერთადერთი შეხვედრა დათმო (სტუმრად ირლანდიასთან). მათ მატჩების 90% მოიგეს, ხოლო ახალმა ზელანდიამ კი მხოლოდ 82.14, რაც “შავებისათვის” 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
უდისციპლინო მოთამაშეებს შორის ჩილელთა ბურჯმა, კლაუდიო ზამორანო ბრავომ გამოიჩინა თავი – მან წლის მანძილზე 3 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო. ორი ყვითელი ბარათი სეზონში 16 მოთამაშეს ჰქონდა, მათ შორის იყო ავსტრალიელთა კაპიტანი მაიკლ ჰუპერი.
ავსტრალიელთა ფულბეკმა ისრაელ ფოლაუმ 10 შეხვედრაში 12 ლელო დადო, რაც საუკეთესო შედეგია. მას მხოლოდ ერთი ლელოთი ჩამორჩა რეიკო აიონი. ევროპაში საუკეთესო მელელოვე ირლანდიელი კის ერლსი გახდა – შვიდი ლელო რვა შეხვედრაში.
საუკეთესო დაცვა პირველი რანგის გუნდებს შორის ირლანდიელებს ჰქონდათ. მათ შეხვედრაში საშუალოდ 15.73 ქულა გაუშვეს. ინგლისელების მაჩვენებელი 16.80 ქულა იყო, ახალი ზელანდიის კი 17.79. რა თქმა უნდა ქართველი გულშემატკივრისათვის იტალიის შედეგიც საინტერესოა – ისინი შეხვედრაში საშუალოდ 33.91 ქულას უშვებენ, რაც არც თუ სახარბიელო შედეგია.
2017 წლის ნოემბრის ტესტებზე და 2019 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” მეტოქემ, უელსმა, ქულათა 42.08% ჯარიმებიდან მოიპოვა (93 ქულა 221-იდან). ისინი პირველი რანგის ნაკრებებს შორის ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი სარაჯიმო დარტყმებით მოპოვებულ ქულებზე და მეტოქეს უდისციპლინობას იოლად არ პატიობენ.
“ოლ ბლექსის” კაპიტანმა კირენ რიდმა კარიერაში 94-ე გამარჯვება მოიპოვა. აქტიურ მორაგბეთა შორის მსგავსი მაჩვენებელი არავის აქვს.
გუნდის მიერ მოპოვებული 100 ქულა ერთ შეხვედრაში 2017 წელს ერთადერთხელ ვიხილეთ, როდესაც კენია ტუნისს დაუპირისპირდა და 100:10 მოუგო.
წლის საუკეთესო მექულე ბოდენ ბარეტი გახდა (168 ქულა). კენიელ მიკიძა კინიაგის 145 ქულა ჰქონდა. საუკეთესო ევროპელი მექულე კი ინგლისელთა მგეზავი ოუენ ფარელი იყო 104 გატანილი ქულით.
152 კილოგრამი – ეს საფრანგეთის ნაკრების ბურჯი უინი ატონიოს წონაა. იგი დღესდღეისობით ყველაზე მძიმე მორაგბეა.
რუმინელ ფლორინ ვლაიკუს კარიერის მანძილზე 854 ქულა დაუგროვდა. მას მოქმედ მორაგბეთა შორის ყველაზე მეტი ქულა აქვს და ამასთან ისტორიაში საუკეთესო მექულეა მეორე რანგის გუნდებში მოთამაშე მორაგბეთა შორის. 2017 წელს მან საკუთარ ნაკრებს 86 ქულა მოუტანა. მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზე კი 67 ქულა იყო. სანაკრებო ტესტების ოდენობით ორივე მათგანმა გადაასწრო პორტუგალიური რაგბის ლეგენდას, ვასკო უვას. 2017 წლის დასასრულს კვირიკაშვილს 108 კეპი მოუგროვდა, რაც მეორე რანგის ნაკრებში მოთამაშისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. ვლაიკუს ანგარიშზე 106 კეპია. მესამე ადგილზე ქართველი ცენტრი დავით კაჭარავაა – 104 კეპით.