საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებული მაღალი რანგის ოფიცრები ისრაელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებული მაღალი რანგის ოფიცრები ისრაელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი გათავისუფლებული ინციდენტში მონაწილე ქვედანაყოფის უფროსია.
„თავდაპირველი გამოძიების მტკიცებულებები გადაეცა ისრაელის არმიის უმაღლეს იურიდიულ ორგანოს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედება“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დამოუკიდებელი სამხედრო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ომის დროს უჩვეულო ინციდენტების გამოძიებაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, გამოძიების დასკვნები აჩვენებს, რომ ინციდენტის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ამავდროულად, ისინი, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, ამტკიცებდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავს ესხმოდნენ „ჰამასის“ შეიარაღებულ ტერორისტებს და არა „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების ავტომობილების დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ჰუმანიტარულ მისიას პოლონეთის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები ატარებდნენ.