სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეიდან, 5 ივნისიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
საქსტატის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.
„მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც პლანშეტური კომპიუტერები გამოიყენება.
პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის მომდევნო აღწერის ჩასატარებლად.
2023 წლის ივნისში შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებში საქსტატის მიერ გადამზადებული 3 500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.
მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.