საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში რკინიგზა სულ 991 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 ათასი მგზავრით ნაკლებია.
სამგზავრო გადაყვანების შემცირება ამ სეგმენტიდან კომპანიის შემოსავალზეც აისახა, რადგანაც პერიოდის განმავლობაში ბილეთების რეალიზაციით რკინიგზამ 16.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3 მილიონი ლარით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რკინიგზით მგზავრობის ბილეთის საშუალო ფასი 17 ლარს შეადგენს. სანაცვლოდ კი გაზრდილია რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და ამ მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. 2024 წლის პირველ ნახევარში რკინიგზა სულ 6.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 100 ათასი ტონით მეტია.
რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვებიდან 173 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტია, ლოგისტიკური სერვისების შემოსავალი 66.8 მილიონი ლარი იყო (კლება 0,1 მლნ), ტვირთების მომსახურება – 41.9 მილიონი ლარი (ზრდა წინა წელთან 1.6 მლნ ლარი).