საქსტატის მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 28.1, მამაკაცებისთვის 30.7 წელია
2019 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 28.1, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის რეგისტრირებული განქორწინებების ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა განქორწინებისას შეადგენს 10.1 წელს, მათ შორის პირველი ქორწინებისას – 12.3 წელს, ხოლო განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში 5 წელს არ აღემატება. 2019 წელს განქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 37.6, ხოლო მამაკაცებისთვის 40.4 წელი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 285 შემთხვევა შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 11 205. 2019 წელს ქორწინების და განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (30.1 პროცენტი და 35.0 პროცენტი შესაბამისად).