საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 187.7 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 184.0 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 187.7 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 3.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.3 ლარს შეადგენს. 6 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 314.9 ლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ოქტომბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 166.3 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 266.0 ლარით, სამსულიანი – 299.3 ლარით, ოთხსულიანი – 332.5 ლარი, ხუთსულიანი – 374.1 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 442.3 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.