საქსტატის მონაცემებით, მსჯავრდებული 12 980 პირიდან 2020 წელს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3 336 პირს, ხოლო პირობითი მსჯავრი 6 556 მოქალაქეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მსჯავრდებული 12 980 პირიდან 2020 წელს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3 336 პირს, ხოლო პირობითი მსჯავრი 6 556 მოქალაქეს. დანარჩენ შემთხვევებში მსჯავრდებულებს ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს ყველაზე მეტი, 2 457 პირი ქურდობის მუხლით დააკავეს. ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1 216 პირი დააკავეს. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის, 553 მოქალაქე გასამართლდა. განზრახ მკვლელობისთვის პატიმრობა 82 პირს მიესაჯა, განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში – 50 პირს, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სასჯელი 80 მოქალაქეს წარედგინა.