საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 221.1 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
2021 წლის ივლისში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 218.3 ლარი იყო, აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 221.1 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით, აგვისტოში 2.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 195.8 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.