სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 187.2 ლარი შეადგინა. აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარით გაიზარდა და 189.2 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1 ლარითა და 70 თეთრითაა გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 317.3 ლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისთან შედარებით აგვისტოში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 167.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 268.1 ლარით, სამსულიანზე – 301.6 ლარით, ოთხსულიანზე – 335.1 ლარით, ხუთსულიანზე – 377.0 ლარით, ექვსსულიანიდა მეტი – 445.7 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.