საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 7.9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 494.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით გაიზარდა და 369.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებიან რუსეთი – 64.9 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 50.9 მლნ. აშშ დოლარით და თურქეთი – 43.6 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს 94.5 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 52.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 25.9 მლნ. აშშ დოლარით.