საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს გაიზარდა სიმინდის, კარტოფილისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს გაიზარდა სიმინდის, კარტოფილისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები; გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.2 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე – 1.9 ტონა, სიმინდის – 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 13.2 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 15.2 ტონა/ჰა, კიტრის 13.3 ტონა/ჰა, ხახვის 7.6 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობა და შეადგენს 26.2 ტონას ერთ ჰექტარზე.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 59.5 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში წარმოებულია 101.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 93.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 63.2 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 64.2 პროცენტით მეტი), 40.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (32.4 პროცენტით მეტი), 22.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (9.9 პროცენტით მეტი), 57.1 ათასი ტონა ციტრუსი (10.8 პროცენტით ნაკლები). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წარმოებულია 318.9 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.