საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბელგია ლიდერობს
საქართველოდან ბელგიაში მიმდინარე წლის სამი თვის (იანვარ-მარტი) მონაცემებით ექსპორტზე 41 ავტომობილი გავიდა. რაც შეეხება გასულ წელს, 2018 წლის განმავლობაში საქართველოდან ბელგიაში 155 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების მიწოდებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის სწორედ ბელგია ლიდერობს. წელს ბელგიაში 2.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 2018 წელს კი შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიტანეს. საუბარია ავტომობილების რეექსპორტზე, ანუ საქართველოში შემოყვანილ და შემდეგ ექსპორტირებულ პროდუქციაზე.
2018 წლის განმავლობაში 49 ავტომობილი ექსპორტზე გერმანიაში გავიდა, 31 – ბულგარეთში, 17 – რუმინეთში, 16 – ჩეხეთში, 14 – სლოვენიაში.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 9 ავტომობილი გაიტანეს ნიდერლანდებში, ამდენივე – გერმანიაში, 8 – ჩეხეთში, 6-6 კვიპროსსა და ბულგარეთში.
მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 99 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანები გაიტანეს, რაც წინა წლის იანვარ-მარტთან შედარებით 52.8 პროცენტით მეტია. მსუბუქი ავტომობილები, ძირითადად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.