საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტი 24.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 52.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით შემცირდა და 766.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 141.4 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 123.4 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 93.4 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში 205.6 მლნ. აშშ დოლარით პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 81.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 56.3 მლნ. აშშ დოლარით.