საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 2 182.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 431.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 360.3 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი – 281.0 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 677.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 185.3 მლნ. აშშ დოლარით.