საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ექსპორტი 15.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ექსპორტი 15.9 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 583.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 48.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.0 პროცენტით შემცირდა და 1 728.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 323.6 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 236.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 217.5 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მილიონი აშშ დოლარით.