საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 35.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.3 პროცენტს შეადგენდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში და თბილისში – საშუალოდ 364.3 ათასი ვიზიტი თვეში.
2023 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 366.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9 პროცენტით და 207.3 ლარს გაუტოლდა.