საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 124 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 123.9 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 028.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 2 674.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2021 წლის სავაჭრო ბალანსზე.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 3 516.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 201.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 597.2 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 891.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 62.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 408.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 200.8 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები არიან რუსეთი – 981.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 688.5 მლნ. აშშ დოლარითა და უკრაინა – 327.9 მლნ. აშშ დოლარით. იმპორტის მიმართულებით კი 2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 52.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია არიან თურქეთი – 482.0 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 204.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 204.8 მლნ. აშშ დოლარით.