საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 20.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1 პროცენტით განისაზღვრა.
უწყების ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და დამამუშავებელი მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, მშენებლობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და განათლება.
ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშში წერია, 2022 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 59.1-პროცენტიანი წილით, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 10.8 პროცენტი; ტრანსპორტი და დასაწყობება – 24.7 პროცენტი; მშენებლობა – 16.5 პროცენტი; დამამუშავებელი მრეწველობა – 10.5 პროცენტი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 29.3 პროცენტი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 14.6 პროცენტი. კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7 პროცენტი).